იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „თანამედროვე ტენდენციები ქიმიაში, ქიმიურ ტექნოლოგიებსა და მომიჯნავე დარგებში: მწვანე ენერგიის პერსპექტივები, ეკოლოგიური მდგრადობა, სურსათის უვნებლობა – 2026“ მიმდინარეობს.

კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გახსნა. რექტორმა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა ნანოპროცესების, ნანოტექნოლოგიების, სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების, ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტების, მწვანე ქიმიის, სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაციისა და კომერციალიზაციის, სურსათის ქიმიისა და ხარისხის, ასევე მეცნიერების, ინოვაციებისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის მიმართულებებს მოიცავს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მეცნიერები ევროპის და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან.

პროცესში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადმეიური პერსონალი და სურსათის ტექნოლოგის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები არიან ჩართულები.

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ორგანიზებითა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანაორგანიზატორობით ტარდება.

ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კონფერენცია 25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 26 და 27 ნოემბერს კონფერენციის მასპინძელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 18